კინტრიშის დაცული ტერიტორია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქობულეთის რაიონში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 13.893 ჰა-ს შეადგენს. იგი მოქცეულია მდინარე კინტრიშის თვალწარმტაც ხეობაში, სოფ. ცხემვანსა და ხინოს მთებს შორის, ზღ. დ.-დან 300-2500 მ-ის სიმაღლეზე. დაცულ ტერიტორიებს ჩრდილოეთით ქობულეთის სატყეოს ადმინისტრაციის ტერიტორიები, სამხრეთ აღმოსავლეთით შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, სამხრეთით ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, სამხრეთ-დასავლეთით კი მტირალას ეროვნული პარკი ესაზღვრება. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ორ სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიას - სახელმწიფო ნაკრძალსა და დაცულ ლანდშაფტს მართავს. კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი 1959 წელს შუამთის რელიქტური ტყეებისა და ენდემური სახეობების, ფლორისა და ფაუნის დაცვის მიზნით დაარსდა.

2007 წელს კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალის ბაზაზე დაცული ლანდშაფტი შეიქმნა. სახელმწიფო ნაკრძალის ფართობია 10703 ჰა, ხოლო დაცული ლანდშაფტის 3190 ჰა. კინტრიშის ორი ტურისტული მარშრუტი მდებარეობს ზღვის დონიდან 300-2000 მ-ის სიმაღლეზე. ბილიკზე გადაადგილება შესაძლებელია როგორც ფეხით, ასევე ცხენით. მარშრუტის გასწვრივ მოწყობილია საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები, ასევე გამოყოფილია კოცონის დასანთები ადგილი. გიდის, ცხენის და ადგილობრივი ტრანსპორტის ორგანიზებაში დაგეხმარებათ დაცული ტერიტორიების ვიზიტორტა ცენტრი.