მისამართი: ქ. ქობულეთი, დავით აღმაშენებელის გამზ.N100

ტელეფონი: 426 26 92 54

ელ-ფოსტა: kobuletismuzeumi@gmail.com / rezotakidze@mail.ru

ვებ-გვერდი: www.kobmuzeu.ge

ა(ა)იპი ქობულეთის მუზეუმი არის სამეცნიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც აწარმოებს ისტორიულ-არქეოლოგიური და კულტურის ძეგლების საველე კვლევა-ძიების შედეგად მოპოვებული მასალის, ხელოვნების ნიმუშებისა და მატერიალური და სულიერი ფასეულობების აღრიცხვას, შეკრებას, დაცვა-შენახვას, სისტემატიზაცია, ექსპონირებას, შესწავლას და პოპულარიზაციას.

წესდება

მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: არქეოლოგიური, ეთნოლოგიური, ფლორა-ფაუნა, ხელნაწერები და შუასაუკუნეების ხელოვნება, სოც-რეალიზმი, მონეტები, ფოტოები, ბიბლიოგრაფიული წიგნები და სხვა.

ქობულეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში 10 000-ზე მეტი სამუზეუმო ექსპონატია დაცული, რომლებიც წარმოადგენენ არქეოლოგიურ, ისტორიულ, ეთნოგრაფიულ თუ ბუნების წიაღში ნამარხ ნიმუშებს.

მუზეუმში არქეოლოგიური განყოფილება წარმოდგენილია სოფელ ქობულეთსა და ხუცუბანში პირველყოფილი ადამიანის ნამოსახლარებზე აღმოჩენილი 9 000 წლის წინანდელი შრომითი და ყოფითი ნივთების ექსპონირებით, ექსპოზიციაში ქვის ხანას ბრინჯაოს პერიოდი მოყვება, სადაც წარმოდგენილია როგორც ადრე ბრინჯაოს, ისე ბრინჯაო-რკინის ხანის მასალები: სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ჭურჭლის ფრაგმენტები საკულტო-რელიგიური ნიშნებით, კოლხური ცული, ქვის საწაფები და სხვა, ხოლო ანტიკური პერიოდი წარმოდგენილია ფიჭვნარის ძვ.წ. V-IV სს-ის კოლხური და ელინური სამაროვნებით, სხვადასხვა დანიშნულების თიხის ნაკეთობებით, სამკაულებით, რომაული და ანტიკური ამფორებით, აქვეა დაცული ვერცხლის ფული, კოლხური თეთრები და ცნობილი სინოპი. მუზეუმში დაცულია XVIII-XIX სს-ში ე.წ. დედაბრული ხელით გადაწერილი შელოცვების წიგნი, ასევე ისპანის ტორფნარში ნამარხი რელიქტური ტყის ნარჩენები, რომლებიც წარმოდგენილია მოქანდაკე ვაჟა ვერულიძის მიერ აღმოჩენილი თვითმყოფადი რკინის, ასევე შავი, წითეელი და ყავისფერი ხის ქანდაკებების სახით.

ქობულეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობის მეორე სართულზე განთავსებულია საკონფერენციო და კინო-დოკუმენტალისტიკის დარბაზი, ასევე სამეცნიერო-ლაბორატორიული და ადმინისტრაციული კაბინეტები.

მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: 3 ლარი ზრდასრულები, 2 ლარი სტუდენტები, 1 ლარი ბავშვები, 10 ლარი გიდის მომსახურება ინდივიდუალურად, 15 ლარი გიდის მომსახურება ჯგუფზე.

ასევე მოქმედებს სააბონემენტო სისტემა:

- აბონემენტი „ბავშვებისათვის“ – 5 ლარი, ექვსკურსია წლის განმავლობაში და 5 სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობა;

- აბონემენტი „ოჯახური პაკეტი“ - 10 ლარი, ექვსკურსია წლის განმავლობაში ოჯახის წევრებისა და სტუმრებისათვის, დამატებით გიდის მომსახურება;

- აბონემენტი „მუზეუმის მეგობრები“ – 50 ლარი, ექვსკურსია წლის განმავლობაში ოჯახის წევრებისა და სტუმრებისათვის, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობა, დამატებით გიდის მომსახურება.

უბილეთოდ დაიშვებიან: მუზეუმის მუშაკები, მასმედიის წარმომადგენლები, სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ომის ვეტერანები, სხვადასხვა კატეგორიის მოხალისეები და პრაქტიკანტები, ასევე მოქმედებს წლის განმავლობაში ღია კარის დღეები.