თეთროსნის დასახლებაში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოს კეთილმოწყობა მალე დასრულდება. დღეს სამუშაოების მიმდინარეობას ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე საქართველოს პარლამენტში ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატ კობა ნაკაიძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

„წინასაარჩევნოდ როდესაც აქ მოსახლეობას შევხვდი მათი მხრიდან დაფიქსირდა თხოვნა, რომ ეზოს მოწესრიგება მომხდარიყო. მაშინ მოსახლეობას დავპირდი, რომ მათი სურვილი აუცილებლად შესრულდებოდა. ბიუჯეტის შედგენის დროს გამოვყავით ფინანსური რესურსი, შევადგინეთ პროექტი და დავგეგმეთ ინფრასტრუქტურული ღონისძიება. სამუშაოების მიმდინარეობისას ჩვენი სამსახურები ხარისხის მუდმივ კონტროლს ახორციელებენ, რადგანაც ვთვლით, რომ წარმატებულად განხორციელებული პროექტის უმთავრესი გარანტი ხარისხიანიანად შესრულებული სამუშაოებია“ - აღნიშნა მერმა შეხვედრისას.

პროექტის ფარგლებში ეზოში მოეწყო სანიაღვრე არხები და დაიგო დეკორატიული ფილები, ასევე მოეწყობა ბორდიურები. პროექტის განსახორციელებლად 15 435 ლარი დაიხარჯება.