ქობულეთში სადღესასწაულო განწყობაა. ფესტივალის ფარგლებში ცენტრალური პარკის მიმდებარედ პლაჟზე სხვადასხვა გასართობი აქტივობა მიმდინარეობს. ფერადი და საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ სპეციალურ პავილიონებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული კუთხე მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის თემატიკას დაეთმო.

საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტისა და ფიდეს რეგიონალური წარმომადგენლობის ორგანიზებით დიდოსტატი მირანდა მიქაძე ჭადრაკში ერთდროული თამაშების სეანსებს მართავს. მსურველებს ეძლევათ საშუალება ითამაშონ ჭადრაკი და გაეცნონ ოლიმპიადის შესახებ ინფორმაციებს. ოლიმპიადის ბანერით, დროშებით, საინფორმაციო დაფითა და სხვადასხვა ატრიბუტიკით შემოსაზღვრულ სივრცეში, ღონისძიების სტუმრებს გიგანტურ საჭადრაკო დაფასთან ოლიმპიადის თილისმა - კუ „ბათუსა“ მასპინძლობს. ყველასათვის კარგად ნაცნობი მასკოტი სტუმრებს ფოტოსესიებსა და საინტერესო ქვიზ-შოუში მონაწილეობისკენ უხმობს.