საზაფხულო ფესტივალი გრძელდება. ქობულეთის მერიის ორგანიზებით ცენტრალური პარკის მიმდებარე პლაჟზე ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება მიმდინარეობს, რომელიც გვიანობამდე გაგრძელდება. კონცერტს ჯგუფი MIX2RA მართავს. საღამოს მსვლელობისას ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე საზოგადოებას მიესალმა და დღესასწაული მიულოცა.

მთელი დღის განმავლობაში ფესტივალის ფარგლებში ბევრი საინტერესო აქტივობა გაიმართა. მოეწყო ყვავილების, ფერების, ეგზოტიკური ხილისა და კოქტეილების ფესტივალები, გაიმართა გამოფენები, მასტერკლასები, საგაზაფხულო კოლექციის ჩვენება და სპორტული შეჯიბრებები, ასევე საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტისა და ფიდეს რეგიონალური წარმომადგენლობის ორგანიზებით საჭადრაკო სეანსი ჩატარდა. საფესტივალო განწყობის შესაქმნელად მუსიკალური ჯგუფები EL FLYIDS და BLOU SAUL, დიჯეი ოკა თურმანიძე, დავით ვოლკოვი და ნიკო გორგოშაძე ზრუნავდნენ, ხოლო ფესტივალი ლადო ჯანელიძესა და ხატია შამუგიას მიჰყავდათ.

კონცერტის მსვლელობისას ფრანების შოუ გაიმართა და ფოიერვერკი მოეწყო.