ხალას კულტურის სახლში ქორეოგრაფ თემურ ვასაძის 80 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა. საღამოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე, აჭარის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები ფატი ხალვაში და კობა ნაკაიძე ესწრებოდნენ.

ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ და აჭარის განათლების მინისტრმა ინგა შამილიშვილმა ღვაწლმოსილ ქორეოგრაფს კულტურის დარგში შეტანილი წვლილისა და მრავალწლიანი მოღვაწეობისათვის სიგელები და საჩუქრები გადასცეს.

„მრავალწლიანი მოღვაწეობის მანძილზე ბატონი თემურის როლი ქართულ ქორეოგრაფიაში ფასდაუდებელია. საამაყოა, რომ მომავალი თაობები მის ნაკვალევზე იზრდებიან... დღეს ჩვენ აქ შეგვკრიბა მისმა სიყვარულმა, ურთიერთპატივისცემამ, ნდობამ, მეგობრობამ, კაცთმოყვარეობამ, ყოველივე იმან, რასაც ყოველდღიურად ვხვდებით მასთან ურთიერთობაში და რაც მისი ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ძალა და დედა აზრია. ალბათ, სწორედ ამიტომაა, რომ დღეს საკმაოდ ბევრნი ვართ ისეთები, რომელთაც გულწრფელად გვწადია ამ არაჩვეულებრივ პიროვნებას 80 წლის იუბილე მივულოცოთ. ბატონო თემურ, გილოცავთ იუბელს, ბედნიერებასა და ჯანმრთელობას გისურვებთ! კიდევ ბევრი თაობა აღგეზარდოთ ჩვენი ქვეყნის სასახელოდ! დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ!” - აღნიშნა მერმა თავის გამოსვლაში.

ღონისძიებაზე სიტყვით გამომსვლელბმა ქორეოგრაფის ცხოვრების ეპიზოდები გაიხსენეს და მის მრავალწლიან მოღვაწეობაზე ისაუბრეს.

თემურ ვასაძეს მრავალწლიანი კარიერის მანძილზე არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. ქორეოგრაფი საკავშირო და რესპუბლიკური ფესტივალის ლაურეატი, ოქროსა და ვერცხლის მედლების მფლობელია, დაჯილდოებულია ღირსების მედლით, ასევე მინიჭებული აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტისა და ფოლკლორის ეროვნული სახელმწიფოებრივი ლაურეატის წოდება.

საიუბილეო საღამო მერიის მხარდაჭერითა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.