ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. მთელი ღამის განმავლობაში სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობდა და მობილური ჯგუფები პატრულირებას ახორციელებდნენ. მიმდინარეობს მონაცემთა ბაზის შეგროვება-დამუშავება. მერიაში მოქმედებს ცხელი ხაზი 599 79 18 9. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს.

ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ შტაბის წევრებთან ერთად დატბორილი მოსახლეობა მოინახულა და მათ შესაძლებლობის ფარგლებში დახმარება აღუთქვა. „ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ დაზარალებულ მოსახლეობას დროული დახმარება აღმოვუჩინოთ. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება გამთენიისას დავიწყეთ. მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები და მობილური ჯგუფები. ამ დროისათვის საცხოვრებელი სახლების ეზოებიდან და სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვა მიმდინარეობს. მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის საგანგებო შტაბის წევრები და მობილური ჯგუფები ქალაქის ტერიტორიაზე ვპატრულირებდით“ - აღნიშნა მერმა.

სტიქიამ პრობლემები მუნიციპალიტეტის სოფლებშიც შექმნა. რამდენიმე საცხოვრებელი სახლთან მეწყერული პროცესები განვითარდა, ასევე დაიმეწყრა სასოფლო გზები ჩაქვისთავისა და გორგაძეების მიმართულებით.