დღეს დედაენის დღე ქობულეთის მუნიციპალიტეტში აღინიშნა. მუზეუმის კინოდოკუმენტალისტიკის დარბაზში მე-6 საჯარო სკოლის ორგანიზებით ლიტერატურული კომპოზიცია „ენა, მამული, სარწმუნოება“ გაიმართა. სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ლექსები წაიკითხეს. მათ ღონისძიება მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით გაამრავალფეროვნეს.

ღონისძიებას ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე და საქართველოს პარლამენტის წევრი კობა ნაკაიძე მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაეწრებოდნენ.

„დღეს ქართველი ერი უდიდეს დღესასწაულს - დედაენის დღეს აღნიშნავს. ქართული ენა არის უდიდესი ეროვნული საუნჯე, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დღემდე შეუბღალავად მოგვიტანეს. ჩვენი ვალია მოვუფრთხილდეთ და ისეთივე რუდუნებით გადავცეთ მომავალ თაობას, როგორც ჩვენ ჩვენმა წინაპრებმა. გამოვდივარ ინიციატივით თითოეულმა ჩვენგანმა სასტიკი ბრძოლა გამოვუცხადოთ ბარბარიზმებს. ჩვენ ჩვენის მხრივ გავამკაცრებთ ზედამხედველობას, რათა დაცული იქნას კანონი „სახელმწიფო ენის შესახებ“ და მაქსიმალურად ვეცდებით გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები“ - აღნიშნა მერმა თავის მიმართვაში.

დღესვე მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით შემეცნებითი აქცია „არა ბარბარიზმებს“ გაიმართა, რომელშიც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ჩაერთვნენ.