2008 წელს განვითარებული საომარი მოქმედებებიდან ათი წელი გავიდა. დღეს ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა კობა ნაკაიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ გაიხსენეს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.

„დღეს ჩვენ უკვე მეათედ ვიხსენებთ 2008 წელს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულ გმირებს, ჯარისკაცებს, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას შესწირეს სიცოცხლე. ისინი გმირულად დაეცნენ ბრძოლის ველზე უთანასწორო ბრძოლაში... ცხადად მახსოვს ამ დღის ემოცია და ტრაგიზმი, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა და დღემდე არ განელებულა... მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მათი სისხლი ტყუილად არ დაღვრილა და მალე დავიბრუნებთ დაკარგულ მიწა-წყალს! მინდა კიდევ ერთხელ პატივი მივაგო ყველა იმ ჯარისკაცის ხსოვნას, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ერთიანობას შეეწირა და კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. დედებს, რომლებმაც ქვეყანას საამაყო შვილები აღუზარდეს! ასეთი ბიჭების, ასეთი გმირების მაგალითებზე უნდა იზრდებოდნენ მომავალი თაობები!“ - აღნიშნა ქობულეთის მერმა თავის გამოსვლაში.

2008 წლის საომარი მოქმედებების დროს ქობულეთიდან 445 ჯარისკაცი იბრძოდა, რომელთაგანაც 10 დაიღუპა.

ომში დაღუპულთა ოჯახებს მატერიალური დახმარების გაწევის მიზნით აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსგან 3000-3000, ხოლო ქობულეთის მერიისგან 300-300 ლარი ჩაერიცხათ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა საცხოვრელებელ სახლებთან მემორიალური დაფები განთავსედება.