ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე, მერიის წარმომადგენლებთან ერთად ბობოყვათის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე ადგილობრივებმა დღის წესრიგში სხვადასხვა საკითხის მოგვარება დააყენეს. მოქალაქეების მოთხოვნებს შორისაა კვირიკაული-კონცელიძეების ორკილომეტრიანი გზის მოასფალტების საკითხი. გზა 3 სოფელს, ლაზისტანს, შვერნიკის დასახლებასა და ბობოყვათს აკავშირებს.
მოსახლეობამ ბობოყვათის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის საკითხიც დააყენა. ასევე დაინტერესდნენ სტადიონის მშენებლობისა და გაბიონის მოწყობის საკითხით.
მოსახლეობის მიერ წამოჭრილ პრობლემებს შორის მოხდა მდინარე დეხვას ნაპირის გასწორხაზოვნება. ადგილობრივების თქმით, მდინარე დეხვას ადიდების შემთხვევაში საშიშროება ექმნება სოფელი ბობოყვათის ადმინისტრაციულ შენობას, საბავშო ბაღსა და ყოფილი საავადმოყოფოს შენობას.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ბობოყვათში სტადიონის მოწყობისთვის რიგი სამუშაოები უკვე შესრულებულია. ადგილზე მინი სტადიონის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება. მირიან ქათამაძის განმარტებით მერია კომპეტენციის ფარგლებში ყველა დასმულ საკითხს განიხილავს და გადაჭრის გზებს დასახავს.