დღეს ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილმა საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატებთან კობა ნაკაიძესთან და გიორგი რომანაძესთან ერთად კარიერის დასახლებაში ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ხელისუფლების წარმომადგენლები სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.

კარიერის უბანი ტურისტულ სეზონს კეთილმოწყობილი ქუჩებით შეხვდება. ფიროსმანისა და ლეონიძის ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ვადაზე ადრე იგეგმება. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე არხები, ბორდიურები და ტროტუარები. ამ ეტაპისთვის გზის სავალ ნაწილზე დეკორატიული ფილები იგება. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩებზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები დამონტაჟდება.

ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 798 888 ლარი დაიხარჯება.

დღესვე ხელმძღვანელმა პირებმა მდინარე კინტრიშის კალაპოტის გასწორხაზოვნების სამუშაოები დაათვალიერეს. მდინარის კალაპოტის გასწორხაზოვნების სამუშაოების პარალელურად მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებაც მიმდინარეობს. სანაპირო სარეველა მცენარეებისგან იწმინდება. პროექტის ფარგლებში მდინარე დეხვას კალაპოტის გასწორხაზოვნებაცაა დაგეგმილი. სამუშაოების ჩასატარებლად ქობულეთის მერია 35 924 ლარს დახარჯავს.