ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ მერიისა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან სოფლებში წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები განიხილა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა. „ჩემთვის თითოეული სოფლის პრობლემა ცნობილია. ვიცი რომ სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას დღეს ყველაზე მეტად წყალმომარაგების პრობლემა აწუხებს. ეს არ არის ისეთი საკითხი, რომლის მოგვარებაც ერთ ან ორ დღეშია შესაძლებელი, მაგრამ წინ ცხელი ზაფხული გველის და ამიტომ საჭიროა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ აღნიშნული პრობლემები ეტაპობრივად მოვაგვაროთ.“-აღნიშნა მერმა.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს თითოეულ სოფელში არსებული პრობლემა. ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლების ინფორმაციით პრობლემები ძირითადად გვალვების გამო შექმნილი წყლის რესურსის ნაკლებობითაა გამოწვეული.

წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. გათვალისწინებულია როგორც მაგისტრალური ხაზებისა და შიდა ქსელის, ასევე სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია. 4 წყალსადენ სისტემაზე მიმდინარეობს ჭაბურღილების მოწყობა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დებეტის წარმოქმნას. წყალსადენ სისტემებზე წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემების დროულად აღმოსაფხვრელად საგანგებო რეჟიმში მუშაობს ა(ა)იპ „ქობულეთის სოფლის წყლის“ ტექნიკური ჯგუფი.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებისგან ა(ა)იპი „ქობულეთის სოფლის წყლის“ ხელმძღვანელს მიეცა დავალება დროულად იქნას ყველა ის პრობლემა შესწავლილი, რომელიც ამ ეტაპისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის, ხოლო ინფრასტრუქტურის სამსახურს მიეცა მითითება შესაბამისი ფინანსური რესურსების მოსაძიებლად მომზადდეს წინადადებები.