ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ ორშაბათის თათბირი ქალაქში მიმდინარე უკანონო მშენებლობების თემით დაიწყო. მან ზედამხედველობის სამსახურს სამშენებლო ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით მკაცრი კონტროლი და სწრაფი რეაგირება დაავალა. „არ მინდა ქობულეთი იყოს უსახური შენობების ქალაქი და მით უფრო მშენებლობები მიმდინარეობდეს წესების დარღვევით. ჩვენი მიზანია ქობულეთი ვაქციოთ ერთ-ერთ ლამაზ, მოწესრიგებულ და მიმზიდველ კურორტად და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. საჭიროების შემთხვევაში არც რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას მოვერიდებით! დროა უარი ვთქვათ უსახურ ქობულეთზე!“ - აღნიშნა მერმა თათბირის დაწყებისთანავე.

თათბირზე ყურადღება გაამახვილეს სეზონური ობიექტების განსათავსებლად იჯარების გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე. „რეგულარულად უნდა განხორციელდეს მონიტორინგი სეზონური ობიექტებთან დაკავშირებით და დროულად იქნას აღკვეთილი აღნიშნული ობიექტების უკანონოდ განთავსბის ფაქტები. ჩვენი მხრიდან კი საჭიროა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ნებართვების დროულად გაცემას, რადგან სეზონი უკვე კარსაა მომდგარი და არ დაზიანდეს მოიჯარეთა ინტერესები“ - აღნიშნა მირიან ქათამაძემ.

სამუშაო შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა სამსახურის უფროსებისა და დაქვემდებარებული ხელმძღვანელებისაგან მოისმინეს ინფორმაცია მიმდინარე საკითხების შესახებ. განიხილეს არსებული პრობლემები და შეადგინეს კვირის სამუშაო გეგმა.