დღეს მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა სამსახურის უფროსებთან და მუნიციპალური დაწესებულებების ხელმძღვანელებთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე საკითხები განიხილეს და პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

თათბირზე მიიღეს გადაწყვეტილება ტურისტული სეზონის ეფექტურად წარმართვის მიზნით გამკაცრდეს ზედამხედველობა ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, ხოლო კონტროლი - უკანონო ნაგავსაყრელებზე, ასევე მგზავრთა კომფორტულად გადაადგილების მიზნით დაუყონებლივ გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები და დაიწყოს საპარკინგე ადგილების მოწესრიგება. შეხვედრაზე უახლოეს პერიოდში მასშტაბური გამწვანებისა და დასუფთავების ღონისძიებები დაგეგმეს.

სამუშაო შეხვედრაზე მირიან ქათამაძე გამოვიდა ინიციატივით სეზონის დაწყებამდე სანაპირო ზოლზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობაზე დაწესდეს რეგულაციები. მერის თქმით სეზონის პერიოდში თამარ მეფის სანაპიროზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა სანაპიროზე ქმნის გადაადგილების პრობლემას და დისკომფორტს ფეხით მოსიარულეებისთვის, ამიტომაც სავალდებულოა დაუყოვნებლივ მოხდეს ამ საკითხის რეგულირება.

მირიან ქათამაძემ ინფრასტრუქტურის სამსახურს მაქსიმალური მობილიზაციისკენ მოუწოდა და მიმდინარე პროექტების კონტროლი დაავალა, ხოლო შპს „ქობულეთის წყალს“ - ქალაქში არსებული სასმელი წყლის სოკოების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა.

თათბირზე ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებებზე, საბავშვო ბაღების გახსნასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებზე, სეზონური იჯარების პროცედურების დაწყებასა და ქალაქში არსებულ სამრეცხაოებზე მონიტორინგის დაწესებაზე გაამახვილეს ყურადღება.

დღესვე სამუშაო თათბირი ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთანაც გაიმართა, სადაც ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე საკითხები და არსებული პრობლემები განიხილეს.