წუხელ ღამით მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილთან და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქში არსებული სკვერები დაათვალიერა, არსებულ პრობლემებს გაეცნო და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრა.
მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა სამსახურის უფროსებს მაქსიმალური მობილიზაციისკენ მოუწოდა. „ქობულეთი წელს ტურისტულ სეზონს განსაკუთრებულად მომზადებული უნდა დახვდეს და ჩვენ მიზნის მისაღწევად ძალ-ღონეს არ დავიშურებთ. ჩვენ ახლა დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად ბევრი გაბედული ნაბიჯის გადადგმა მოგვიწევს. დაუღალავად ვიშრომებთ იმისთვის, რომ ქობულეთმა ღირსეული მასპინძლობა შეძლოს“ -აღნიშნა ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ.
ქობულეთში ტურისტული სეზონის სამზადისი დაწყებულია, მასშტაბური პროექტების პარალელურად ქალაქის იერსახის მოსაწესრიგებლად აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ღონისძიებები. წესრიგდება სკვერები, უბნები, სარეველა ბალახისგან იწმინდება მწვანე ზოლები. უახლოეს დღეებში იგეგმება დასუფთავებისა და გამწვანების აქცია.