აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ავთანდილ მესხიძესთან და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ფერმერებზე ტექნიკის განაწილების პროცესს დაესწრო.

პროექტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროპროექტების მართვის ცენტრის 2018 წლის პროგრამის ,,მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა’’ – ფარგლებში ხორციელდება. პროგრამის მიზანია ხელით შრომის შემსუბუქება, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელ დაავადებებთან ბრძოლის ეფექტურობის ამაღლება, უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლება, რაც საშუალებას მისცემს ფერმერებს მოიყვანონ უფრო მაღალი ხარისხის მოსავალი.

პროგრამით გათვალისწინებულია რეგიონის მემცენარეობის დარგში დასაქმებულ ფერმერებზე და აგრომეწარმეებზე თანაგადახდის პრინციპით (ღირებულების 20%) 2044 ერთეული მობილური შემასხურებელი აპარატების მიწოდება. ერთეულის ღირებულება 900 ლარს შეადგენს. ფერმერებისა და აგრომეწარმეების გადასახდელი თანხა თანაგადახდის პრინციპით შეადგენს 181 ლარს. აღნიშნული ტექნიკა გადანაწილებული იქნება რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტსა და ქალაქ ბათუმთან შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ფერმერებზე. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 1 827 466 ლარს.