ძალიან მალე კიდევ ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემა გადაიჭრება. ხუცუბნის მოსახლეობას შეუზღუდავი წყალმომარაგება ექნება!

გასულ წლებში ხუცუბანში წყალსადენი სისტემებს სრულად ჩაუტარდა რეაბილიტაცია. მოეწყო ახალი სათავენაგებობები, ცენტრალური მაგისტრალები და შიდა ქსელები, მაგრამ წყლის დებეტის ნაკლებობა ხშირად იწვევდა წყალმომარაგების შეზღუდვებს. პრობლემა განსაკუთრებით ზაფხულობით მწვავდებოდა.
ჩვენ მოსახლეობას დავპირდით პრობლემის მოგვარებას, დავსახეთ გეგმა და დავიწყეთ ჭაბურღილების მოწყობა. მაქსიმალურად ვცდილობდით სამუშაოები ხარისხიანად და შემჭიდროებულ ვადებში განხორციელებულიყო. მიზნის მისაღწევად ძალ-ღონეს არ ვიშურებდით. ხუცუბანში ჭაბურღილების მოწყობითი სამუშაოების დასრულებასა და წყალსადენის ქსელზე დაერთებას კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება. ჭაბურღილების გაბურღვა უკვე დასრულდა, ასევე მოხდა წყლის ლაბორატორიული კვლევა. ამ ეტაპისთვის ჭაბურღილების გარეცხვისა და მათი წყალსადენი სისტემაზე დაერთების სამუშაოები მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ჭაბურღილები სკურასა და გვარაშიც მოეწყობა. სამუშაოების განსახორციელებლად 795 600 ლარი დაიხარჯება.