დღეს ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილმა საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატებთან კობა ნაკაიძესთან და გიორგი რომანაძესთან ერთად 2008 წლის 8 აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული გმირები გაიხსენეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ომში დაღუპული მეომრების - რაულ მჟავანაძის, ომარ ასლანიძის, გიორგი ქათამაძის, ამირან და გიორგი შაინიძეების საფლავები ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

დღესვე ქობულეთის მერის მირიან ქათამაძის ინიციატივით აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების სახლებთან მემორიალური დაფები განთავსდა. „ჩვენი ვალია მზრუნველობა და გვერდში დგომა გამოვხატოთ ჩვენი გმირების ოჯახების მიმართ და ვცდილობთ ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ მათი დაღუპვით გამოწვეული ტკივილი. ჩვენ დღეს მათ სახლებთან განვათავსეთ მემორიალური დაფები ნიშნად მათი პატივისცემისა და უკვდავყოფისა“ - აღნიშნა მერმა.

ომში დაღუპულთა ოჯახებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსგან 3000-3000 ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტისგან 300-300 ლარი გადაეცათ.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში 445 ქობულეთელი ჯარისკაცი იბრძოდა, რომელთაგანაც უთანასწორო ბრძოლას 10 ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა.