ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე საკრებულოს წევრ დავით წულუკიძესთან და ინფრატრუქტურის სამსახურის უფროს ზაზა კაიკაციშვილთან ერთად კარიერში ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე არხები, ბორდიურები, ტროტუარებსა და გზის სავალ ნაწილზე დაიგება დეკორატიული ფილები. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩებზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები დამონტაჟდება.

ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 798 888 ლარი დაიხარჯება.

კარიერის დასახლებაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რამდენიმე წელია ეტაპობრივად მიმდინარეობს. გასულ წლებში დასახლებაში მოეწყო მიწისქვეშა კომუნიკაციები. უბნის კეთილმოწყობა სამომავლოდაც გაგრძელდება.

დასახლებაში მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა წლების მანძილზე ხელს უშლიდა უბნის შემდგომ განვითარებას. კარიერი მოწესრიგებული მიწისქვეშა კომუნიკაციებით, კეთილმოწყობილი ქუჩებით, განაშენიანებული სკვერებით უფრო მიმზიდველი გახდება როგორც ტურისტებისთვის, ასევე ინვესტორებისთვისაც.