ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააქტო დარბაზში დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა მუნიციპალიტეტის სოფლის რწმუნებულებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდა საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი.

საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე ისაუბრეს დასაქმების ფორუმის შესახებ, რომელიც 31 მაისს, ბათუმში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება.

ფორუმის მიზანს შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსის აღმოფხვრა და ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირება წარმოადგენს. დასაქმების ფორუმის მიმდინარეობისას სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები, ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდებიან ერთმანეთს. საუბარი შეეხო ასევე ამიერკავკასიის ექიმთა ლიგას, რომელიც 1 ივნისს საკრებულოს სააქტო დარბაზში ქობულეთელი ექიმებისათვის ტრენინგს ჩაატარებენ ხოლო 2 ივნისს ქობულეთელი მოსახლეობისათვის უფასო გამოკვლევებსა და ექიმთან კონსულტაციებს გამართავს ქობულეთის პირველადი ჯანდაცვისა და გადაუდებელი მედიცინის ცენტრი "მედჰაუსი"-ში.