⬛ 2008 წელს განვითარებული საომარი მოქმედებების დროს ათი ქობულეთელი ჯარისკაცი დაიღუპა.

⬛ საომარი მოქმედებები 8 აგვისტოდან 13 აგვისტომდე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე. ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

◼ 35 წლის კაპრალი – რაულ მჟავანაძე 2008 წლის 8 აგვისტოს, ცხინვალში საომარი მოქმედებების დროს დაიღუპა. მე–4 ბრიგადის ჯარისკაცს სამხედრო სამსახურში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება ჰქონდა. რაულ მჟავანაძეს დარჩა 3 თვის ფეხმძიმე მეუღლე, გარდაცვალებიდან 6 თვეში ქვეყანას მისი ქალიშვილი ნინიკო მჟავანაძე მოევლინა. დაღუპულ ჯარისკაცს, ასევე, ჰყავს დედა და 3 ძმა. მამა, რაულის დაღუპვიდან 1 წლის შემდეგ გულის შეტევით გარდაიცვალა. რაულის ძმა, გოგიტა მჟავანაძე ძმის ნაკვალევს გაჰყვა. ჯარისკაცს მონაწილეობა აქვს მიღებული ერაყის სამშვიდობო მისიაში.

◼ 26 წლის სერჟანტი ომარ ასლანიძე 2008 წელს აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს იბრძოდა, ახალგაზრდა სერჟანტი ზემო ნიქოზში გმირულად დაიღუპა.

◼ კაპრალი ამირან შაინიძე 2008 წლის 8 აგვისტოს ერგნეთში რუსეთის ავიაციის მიერ საქართველოს სამხედრო ტექნიკის დაბომბვისას დაიჭრა. დაჭრილი თბილისის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ახალგაზრდა კაპრალი გარდაიცვალა. ამირან შაინიძეს დარჩა მეუღლე და ორი ქალიშვილი.

◼ 26 წლის კაპრალი - გიორგი შაინიძე 2008 წლის 8 აგვისტოს სოფელ ნიქოზთან გმირულად დაეცა. 2003 წელს სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ სამხედრო სამსახური კომანდოს ბატალიონში გააგრძელა. ჯარისკაცს მონაწილეობა აქვს მიღებული ერაყის სამშვიდობო მისიაში.

◼ 23 წლის კაპრალი გიორგი ქათამაძე 2008 წელს ცხინვალის დაბომბვისას დაიღუპა. მე-5 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცი სამედიცინო დახმარებას უწევდა დაჭრილ სამხედროებსა და მოსახლეობას. გიორგი ქათამაძეს დარჩა მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი.

◼ 26 წლის ბესიკ შაინიძე 2008 წლის აგვისტოს ომში მძიმედ დაიჭრა და 1 სექტემბერს გარდაიცვალა. უმცროსი სერჟანტი მეორე ქვეით ბრიგადაში 3 წელი მოღვაწეობდა. ჯარისკაცს მონაწილეობა აქვს მიღებული ერაყის სამშვიდობო მისიაში. ბესიკ შაინიძეს მხედრული სიმამაცისთვის მიღებული აქვს ჯილდოები.

◼ 20 წლის კაპრალი - თენგიზ ჭაღალიძე 2008 წლის აგვისტოს ომში ცხინვალის მისადგომებთან დაიღუპა. იგი სკოლის დასრულების შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვიეს. სავალდებულო სამსახური ბათუმში გაიარა, რამდენიმე თვე კოდორის ხეობაშიც იმსახურა. თენგიზ ჭაღალიძე მეხუთე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში მსახურობდა.

◼ 34 წლის უმცროსი სერჟანტი - ედნარ დიასამიძე 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს გმირულად დაიღუპა. მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ჯარისკაცს სამხედრო სამსახურში მოღვაწეობის 16 წლიანი გამოცდილება ჰქონდა. დაღუპულ უმცროსს სერჟანტს მეუღლე და ორი მცირეწოვანი შვილი დარჩა.

◼ 20 წლის 23-ე ბატალიონის კაპრალი ავთანდილ ქამაშიძე სოფელ შინდისთან საომარი მოქმედებების დროს საავიაციო ჭურვმა იმსხვერპლა.

◼ კაპრალი ვაჟა შაინიძე 23-ე ბატალიონის მე-2 ბრიგადის ჯარისკაცს სამხედრო სამსახურში მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება ჰქონდა. ვაჟა შაინიძე საომარი მოქმედებების დროს 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ ყელქცეულში გმირულად დაიღუპა. დარჩა მეუღლე და ერთი შვილი.