ქობულეთის ისტორია ათასწლეულებს ითვლის. რეგიონი მდიდარია ქვის ხანის ადრეფეოდალური და ანტიკური არქეოლოგიური ძეგლებით, რაც ძველ კოლხეთსა და საერთოდ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქალაქო ცენტრის არსებობას ადასტურებს. აქ ნაპოვნია ძვ. წ. აღ. Vს-ის ოქროს ბრწყინვალე ნაკეთობები - ჭურჭელი, სამკაულები, ლარნაკები და ა.შ. ასევე ოქროს ფიგურიანი კრატერი, რომელიც მსოფლიოში სულ რამდენიმეა. დამთვალიერებელთა აღფრთოვანებას იწვევს ფიჭვნარისა და სოფელ კოხის ნასახლარები, სოფელ ზენითის საწნახელი, პეტრას, თეთროსნის, ეკლიასა და ალამბრის ციხეთა ნანგრევები თუ შუა საუკუნეების თაღოვანი ხიდები.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ქობულეთის ზღვისპირა ზოლი ელიტარულ კურორტად იქცა. იგი რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის განკარგულებითა გადაეცა იმ მთავარსარდლებს, რომლებმაც თავი გამოიჩინეს რუსეთ-თურქეთის ომის დროს. გავლენიანმა მაღალჩინოსნებმა სათანადოდ შეაფასეს ნაჩუქარი მიწის მნიშვნელობა და დაიწყეს ქობულეთის ზღვისპირა ზოლის განაშენიანება მდიდრული აგარაკებით, სადაც ოჯახის წევრებთან ერთად ზაფხულისა და ზამთრის შვებულებებს ატარებდნენ.

ქობულეთის გამაჯანსაღებელი კლიმატის ძალამ სულ რამდენიმე წელიწადში გაითქვა სახელი უზარმაზარ იმპერიაში. კურორტის შესახებ არა მხოლოდ საუბრობდნენ, არამედ წერდნენ კიდეც. რისი მოწმობაცაა პუბლიკაციები იმდროინდელი ყველაზე ცნობილი გაზეთის ”კავკაზის” ფურცლებზე, სადაც გამოჩენილი ექიმები პანტიუხოვი და პერედელსკი წერდნენ ქობულეთის უნიკალური გამაჯანსაღებელი ჰავის შესახებ. ისინი იხსენიებდნენ ქობულეთს როგორც ”სამეკალოვკას”(რუსული დიდგვაროვნების დასახლება) და უწოდებდნენ ”რუსულ რივიერას”. ექიმ პრეობრაჟენსკისა და პროფესორ შერბაკოვის აზრებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ქობულეთის ჰავა საუკეთესოდ მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემასა თუ სასუნთქ ორგანოებზე.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ არისტოკრატთა აგარაკები წითელი კომისიების მფლობელობაში გადავიდა. ერთერთი საუკეთესო აგარაკი, რომელსაც სამედიცინო თვალსაზრისით იდეალური ადგილმდებარეობა ჰქონდა, ლავრენტი ბერიას საკუთრება გახდა, რომელიც მოგვიანებით სანატორიუმ „საქართველოდ” გადაკეთდა. დღეს კი ამ ადგილას თანემედროვე ხუთვარსკვლავიანი სპა-სასტუმრო „ჯორჯია პალასი” მდებარეობს. იგი როგორც დღეს, უწინაც დიდ პოპულარულ დასასვენებელ ადგილად ითვლებოდა და მას ბევრი ცნობილი და გამოჩენილი ადამიანი სტუმრობს დღესაც.

1923 წლიდან ქობულეთი სახელმწიფო მნიშვნელობის კურორტად გამოცხადდა, ხოლო აქ XXს-ის I ნახევარში განვითარება ჰპოვა მეჩაიეობა-მეციტრუსეობამ.

ქრონიკა

ფოტო ალბომი