ქობულეთის დაცული ტერიტორიები ისპანი I, ისპანი II

ქობულეთის დაცული ტერიტორიები 1999 წელს შეიქმნა და მოიცავს ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალს-ისპანი II (331 ჰა) და ქობულეთის აღკვეთილს-ისპანი I (439 ჰა), რომლებიც ქალაქ ქობულეთის ჩრდილოეთით, შავი ზღვის გასწვრივ, სანაპიროდან, კერძოდ ფიჭვნარის ეკოპლაჟიდან დაახლოებით 300 მეტრში მდებარეობს. ისპანის დაცული ტერიტორიები ქალაქ ქობულეთს აღმოსავლეთით მიუყვება. ჩრდილოეთით დაცულ ტერიტორიებს თიკერის რელიქტური კოლხური ტყის „აღდგენის ზონა“ ესაზღვრება, აღმოსავლეთით კი - მუდამ დათოვლილი გომის მთა, კინტრიშის ნაკრძალი და აჭარა-გურიის მთები გადმოჰყურებს. 

ტერიტორია აგებულია თანამედროვე (მეოთხეული ასაკის) ზღვიურ-მდინარეული და ტბიურ-ჭაობის ნალექებით. აქ ტიპიური ზღვის, ნოტიო სუბტროპიკული კლიმატია. წლიური ნალექიანობა 1500-2500 მმ-ია.

ისპანი I-ზე (ქობულეთის აღკვეთილი) დღევანდელი მდგომარეობით წარმოდგენილია ნახევრად დეგრადირებული მეორადი მცენარეული დაჯგუფებები.  ისპანი II წარმოადგენს უნიკალურ სფაგნიუმიან-ტორფიან ჭაობს. 1996 წლიდან ისპანი II რამსარის კონვენციის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიაა, რომელიც მიგრირებადი და მოზამთრე ფრინველების დასასვენებელი ადგილია.

ისპანი II მსოფლიოში პირველი უნიკალური ხელუხლებელი, ცოცხალი სფაგნუმიანი ტორფნარია. სადაც წყლის დანაკარგი მხოლოდ აორთქლებით ხორციელდება. ის მხოლოდ წვიმის წყლით საზრდოობს. ისპანის ტორფნარი თითქოს ტბაა ნიადაგის ზედაპირის ზემოთ, რომელსაც საბანივით ახურავს 25-45 სმ სისქის სფაგნუმი-თეთრი ხავსი. იგი არასოდეს იფარება წყლით. სფაგნუმი წყალთან ერთად ქმნის სრულიად გლუვ გუმბათს ყოველგვარი ბორცვაკების გარეშე, რომელიც შემოგარენიდან 4-5 მეტრით მაღლაა წამოწეული. სფაგნუმი ისე მოქმედებს, როგორც ღრუბელი. მას შეუძლია წონასთან შედარებით 25-ჯერ მეტი წყალი შეიწოვოს. ძლიერი კოკისპირული წვიმებისას, როცა არემარე წყლითაა დაფარული, ამ დროს ისპანი II-ის გუმბათი მშრალია. მისი დანახვა გადასახედი კოშკიდანაა შესაძლებელი.
 

ტორფნარში ბიომრავალფეროვნებისათვის განსაკუთრებული, ყველაზე მეტად ხელუხლებელი ჰაბიტატებია, რომელთაც ადამიანის ზემოქმედება არ განუცდიათ. სფაგნუმი ქმნის საოცარ „ბალიშებს“. აქ დომინანტობს Sphagnum imbricatum - ეს მსოფლიოში იშვიათი და გარემოს დაბინძურებისადმი ყველაზე მეტად მგრძნობიარე ტორფის ხავსის სახეობა. „ბალიშებზე“ ჩრდილოური წარმოშობის მცენარეებთან ერთად, რომლებმაც კოლხეთში მეოთხეული გამყინვარების დროს შემოაღწიეს-მრგვალფოთოლა დროზერა, იგივე ცვრიანა (Drosera rotundifolia), ტორფის ისლი (Carex riparia), წყლის სამყურა (Menyanthes trifoliáta), თეთრი რინხოსპორა (Rhynchospora alba) და სხვა, იზრდებიან კოლხეთის ფლორისათვის დამახასიათებელი შქერი (Rhododendron ponticum), იელი (Rhododendron luteum), ეკალღიჭი (Smilax excelsa). აქ ხარობს აგრეთვე სამეფო გვიმრა (Osmunda regalis), ჯადვარი, იგივე ორქიდეა (Orchis), კავკასიური რინხოსპორა (Rhynchospora caucasica), ლიკოპოდიელა (Lycopodiella).

 შემოდგომასა და გაზაფხულზე ტორფნარის ტერიტორიაზე უამრავი გადამფრენი ან მოზამთრე ფრინველი იყრის თავს: კოხტა ჭოვილო (Tringa erythropus), კაკაჩა (Buteo buteo), ბექობის არწივი (Aquila heliaca), ტურუხტანა (Philomachus pugnax), ზღვის კაჭკაჭი (Haematepus ostralegus), სისინა გედი (Cygnus olor)  და სხვა.
 

ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე ბინადრობენ:
 -ძუძუმწოვრებიდან: წავი (Lutra lutra), მაჩვი (Meles meles minor), კურდღელი (Lepus), ნუტრია (Myocastor coypus), ბუჩქნარის მემინდვრია (Microtus arvalis), მინდვრის თაგვი (Apodemus agrarius) და სხვა;
 -ამფიბიებიდან: ვასაკა (Hyla arborea), ჩვეულებრივი გომბეშო (Bufo), მწვანე ბაყაყი (Rana esculenta), ჩვეულებრივი ტრიტონი (Triturus vulgaris)
 -ქვეწარმავლებიდან: ჩვეულებრივი ანკარა (Natrix natrix), წყლის ანკარა (Natrix tessellata), ბოხმეჭა, ანუ მყვრელი (Anguis fragilis), გველხოკერა (Ophisaurus apodus), ზოლიანი ხვლიკი (Eremias scripta), კასპიის კუ (Mauremys caspica) ჭაობის კუ (Emys orbicularis);
 -თევზებიდან: ქორჭილა (Perca fluviatilis), კარჩხანა (Carassius), მდინარის გველთევზა (Anguilla anguilla), ქარიყლაპია ( esox lucius).
 

ტორფნარები ინახავენ უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ ძეგლებს. 1964 წელს სადრენაჟო არხის გათხრისას აქ აღმოჩენილი იქნა ძველი წელთაღრიცხვის IV და III ათასწლეულების მიჯნის დროინდელი, ტორფის ქვეშ დაკონსერვებული ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარები. აქ 5-6 ათასი წლის წინათ დასახლებულა ადამიანი, მაშინ, როდესაც ეს ადგილი ჯერ კიდევ არ იყო დაჭაობებული. სახლები მორებითაა ნაგები და ორი ტიპისაა: ჯარგვლური, ანუ უშუალოდ მიწაზე მდგარი და შედარებით უფრო გვიანი, ხიმინჯებზე შემდგარი.
 

დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა მიღებასა და მოგზაურობის დაგეგმვას უზრუნველყოფს დაცული ტერიტორიის ადმინისტრაცია. ადმინისტრაციის შენობაში არის ვიზიტორთა ცენტრი, სადაც სამი ორადგილიანი სასტუმრო ნომერია ვიზიტორთათვის.

 

ვიდეო რგოლი

Loading...

მარტი 2017

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
 

გამოკითხვა

ჩვენი საიტი...




 

სიახლის გამოწერა

ამინდი

ვალუტის კურსი

აჭარა


პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ქობულეთის მუნიციპალიტეტი 2011
    სტუმართა რაოდენობა: 1 736 015    
ვებ დიზაინი: სტუდია „ანთროპო”