მტირალას ეროვნული პარკი

აჭარა და თურქეთის მოსაზღვრე ტერიტორია გამოირჩევა უძველესი ენდემური სახეობების სიუხვით, რაც განსაზღვრავს მტირალას ეროვნული პარკის დაარსების მნიშვნელობას.

  ახლად დაარსებული მტირალას ეროვნული პარკი მცირე კავკასიონის, სახელდობრ, აჭარა-იმერეთის ქედის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში, ქობულეთ-ჩაქვის ქედზე მდებარეობს. პარკის ცენტრალური ნაწილის გეოგრაფიული კოორდინატებია: აღმოსავლეთ გრძედის41.500 და ჩრდილოეთ განედის 41.400. პარკი სამი მუნიციპალიტეტის: ძირითადად ქობულეთის, აგრეთვე ხელვაჩაურისა და ქედის ტერიტორიაზეა განლაგებული. იგი16 000 ჰექტარზეა განფენილი და საკმაოდ კარგად შემონახულ  ტყისა და ბუჩქნარის ეკოსისტემებს მოიცავს. პარკის ჩამოყალიბება სამხრეთ კოლხეთის რელიქტური ტყეების დაცვის საშუალებას იძლევა.

  პარკის ბირთვული (განსაკუთრებით მკაცრი დაცვის) ზონა მოიცავს თითქმის ხელუხლებელ კოლხური ტყით დაფარულ ტერიტორიას, რომელიც უნიკალური მერქნიანი მცენარეულობითაა წარმოდგენილი. ბუნებრივი მცენარეული საფარის ხელუხლებლობა რთული რელიეფით, განკერძოებული, ძნელად მისადგომი მდებარეობითა და გარკვეული დროის მანძილზე დაცვის რეჟიმის არსებობითაა განპირობებული. პარკის ტერიტორია დღემდე რჩება მცენარეთა და ცხოველთა ბევრი, მათ შორის უიშვიათესი, გადაშენების პირას მყოფი, ენდემური და რელიქტური სახეობის თავშესაფრად.

  პარკს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაც ეკისრება - მან ხელი უნდა შეუწყოს ქობულეთ-ჩაქვის ქედის ბუნებრივ ეკოსისტემათა წონასწორობის შენარჩუნებას, რაც თავიდან აგვაცილებს ეროზიულ-მეწყერული მოვლენების განვითარებას და წყალმოვარდნებს როგორც მთის, ასევე ბარის ზონის შესაბამის ზოლში. ეკოლოგიურად სუფთა გარემო ქმნის იდეალურ პირობებს სასმელი წყლის მარაგის სტაბილურობისა და სისუფთავისათვის.

  გეოლოგიური თვალსაზრისით პარკის ტერიტორია მცირედით განსხვავდება აჭარის მთლიანი გეოლოგიური სურათისაგან. აქ ძირითადად გავრცელებულია მესამეული ანდეზიტები და ტუფოგენური ქანები. ოროგრაფიულად ქობულეთ-ჩაქვის ქედი, სადაც პარკი ჩამოყალიბდა, აჭარას ჰყოფს ზღვისპირა და შიდა ნაწილებად. პარკის ტერიტორიაზე, რომელიც ძირითადად ზღვისპირა აჭარის ზონას მოიცავს, გამოიყოფა: მთისწინეთის გორაკ-ბორცვიანი სარტყელი(500-600 მ-მდე ზღვის დონიდან), მთის ქვედა (1000-1200-მდე), შუა (1500-1600-მდე) და ზედა (1500-1600 მეტრზე მაღლა) სარტყლები. უმაღლესი ნიშნულები 1700 მეტრის სიახლოვესაა და მიესადაგება მორვილის ქედს, რომელსაც პარკის აღმოსავლეთი საზღვარი გასდევს. მთა მორვილის სიმაღლეა 1773 მეტრი, ხოლო პარკის უმაღლესი წერტილია 1761 მეტრი. 1300 მეტრს აღემატება მთები დიდი მტირალა, ტერათი და სხვა. დანაწევრებულ რელიეფულ ფორმებს შორის გამოირჩევა თვალწარმტაცი ვიწრო ხეობები და კანიონები.

  ატმოსფერული ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი 2000 მმ-ზემეტია, ხოლო მთა დიდი მტირალას ზღვისკენ მიქცეულ ფერდობებზე 4000 მმ-ზე მეტი, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს ადგილობრივი ბიოტის უნიკალურობას. მთა მტირალა (1381 მეტრი ზღვის დონიდან) მთელს საქართველოში ყველაზე ნალექიანი ადგილია (4520 მმ წლის განმავლობაში). ტოპონიმი „მტირალა“ მთას სწორედ უხვნალექიანობის გამო შეერქვა. ჰაერის ტენიანობა აღწევს80-85%-ს. ხშირია ნისლიანი დღეები, რაც თავისებურ ელფერს ანიჭებს მარადმწვანე ქვეტყით მოცულ, გაუვალ კოლხურ ტყეებს. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა აქ აბსოლუტური სიმაღლის მიხედვით მერყეობს 10-120c-დან (500-600 მეტრი ზღვის დონიდან) 5-60c-მდე (1000-1200 მეტრი ზღვის დონიდან). მთის ქვედა სარტყელში ყველაზე თბილი თვის-აგვისტოსსაშუალო მაჩვენებელია 200c, ყველაზე ცივი-იანვრის თვის-მინუს 20c.აბსოლუტური მინიმუმი 1000-1200 მ-ზე ზღვის დონიდან არის მინუს 13,60c. წელიწადშისაშუალოდ 274 დღე ყინვის გარეშეა. თოვლის საფარის სიმაღლე მთის შუა და ზედა სარტყლებში ხშირად 3-4 მეტრს აღწევს.

  პარკის ტერიტორიაზე ძირითადი ჰიდრორესურსებია მდინარეები ჩაქვისწყალი და ყოროლისწყალი, რომლებიც შავ ზღვას ერთვიან, ხოლო ქედის სამხრეთ ფერდობზე-მდინარე აჭარისწყლის შენაკადები: დოლოგანი, ზუნდაგისწყალი და სხვა. ბევრი მათგანი ულამაზეს ხეობებში მიედინება, ჭორომებსა და ჩანჩქერებს ქმნის. ტერიტორიაზე მრავლადაა მინერალურიდა მტკნარი წყაროები, რომლებიც სამკურნალო თვისებებითაა გამორჩეული.

  მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ძირითადად სამი ტიპის ნიადაგი გამოიყოფა. ზღვის დონიდან 600 მეტრამდე გავრცელებულია წითელმიწები, რომლებზეც შერეული ფართოფოთლოვანი ტყეებია. სიმაღლის მატებასთან ერთად წითელმიწები იცვლება ყვითელმიწა, ყომრალი და ტყის ყომრალი ნიადაგებით, რომლებსაც ძირითადად წიფლნარები და წიფლნარ-წაბლნარიტყის მასივები მიესადაგება. აქა-იქ ალუვიური ნიადაგის ფრაგმენტებს ვხვდებით.

  მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორია რელიქტურ მცენარეთა იშვიათი მრავალფეროვნებით ხასიათდება. აქ გავრცელებულია 68 ოჯახის 202 გვარის 284 სახეობა,მათ შორის ხე-მცენარეთა 18, ბუჩქების 21 და ბალახების 245 სახეობა. 16 სახეობა ენდემურია, მათ შორის კავკასიის 5, საქართველოს 1, კოლხეთის 3 და აჭარის 3 ენდემია. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი იშვიათი რელიქტური ენდემებია: პონტოური მუხა (Quercuspontica), მედვედევის არყი (Betula medwedewii), უნგერნის შქერი (Rhododendron ungerni), ეპიგეა (Epigaea gaultherioides) და სხვა. მარადმწვანე ბუჩქი უნგერნის შქერი და მედვედევის არყი მსოფლიოში მხოლოდ აჭარასა და თურქეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გვხვდება.

  მტირალას ეროვნული პარკის თითქმის 100% ტყითა და გაუვალი ბუჩქნარითაა დაფარული. ზღვის დონიდან სიმაღლის მიხედვით ტყეები შემდეგნაირადაა განაწილებული:

-500-600-მდე-შერეული ფართოფოთლოვანი კოლხური ტყეები;

-500-600 მეტრიდან 1000-1200 მეტრამდე-წაბლისსარტყელი (Castanea sativa);

-1000-1200 მეტრიდან-წიფლის სარტყელი (Fagus orientalis).

   ქვედა სარტყელში დომინირებს წაბლნარ-წიფლნარები, სადაც პირველ იარუსში ხშირია რცხილა (Carpinus caucasica), იფანი (Fraxinus excelsior) და სხვა. ქვეტყეში გვხვდება ჯონჯოლი (Staphylea colchica), ბზა (Buxus colchica), შქერი (Rhododendronponticum), იელი (Rhododendron luteum), წყავი (Laurocerasus officinalis) და სხვა. ქვედა და შუა სარტყელში გავრცელებულია თხმელიანი (მურყნარი) (Alnus barbata, Alnusincana). ზღვის დონიდან 1000-1200 მეტრზე მაღლა გვხვდება უნიკალური წიფლნარი უნგერნის შქერით (Rhododendron ungerni) და სხვა ტიპის მარადმწვანე და ფოთოლმცვენი ქვეტყით: შქერი (Rhododendron ponticum), იელი (Rhododendron luteum), წყავი (Laurocerasusofficinalis), მოცვი (Vaccinium arctostaphyllos), მოლოზანა(Viburnumorientalis), მაყვალი (Rubus caucasicus), ბაძგი, იგივე ჭყორი (Ilex colchica), კოლხური თაგვისარა (Ruscus colchicus) და სხვა. 

  P.S. მტირალას ეროვნული პარკის შესახებ სრული ინფორმაციისთვის მიმართეთ "სსიპ დაცული ტერიტორიები"-ს ვებ გვერდსრომელიც ჩვენს საიტზე ბმულის სახიითაა წარმოდგენილი.



ვიდეო რგოლი

Loading...

ივნისი 2017

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
 

გამოკითხვა

ჩვენი საიტი...




 

სიახლის გამოწერა

ამინდი

ვალუტის კურსი

აჭარა


პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ქობულეთის მუნიციპალიტეტი 2011
    სტუმართა რაოდენობა: 2 044 124    
ვებ დიზაინი: სტუდია „ანთროპო”